იმუნური სისტემა

ხანგრძლივი ჯდომით გამოწვეული ფეხების შეშუპება - მარტივი გზა მოგზაურობისას დამძიმებული, დაღლილი ფეხების თავიდან ასაცილებლად

წაკითხვის დრო 1 წუთი
გააზიარეთ
[Translate to English:]

ზაფხული ასოცირდება დასვენებასა და შვებულებასთან, მაგრამ ბევრი ადამიანისთვის ეს აქტიურობის ნაცვლად, მანქანაში ან თვითმფრინავში ხანგრძლივი ჯდომით იწყება. შეგიძლიათ საათობით იჯდეთ თვითმფრინავში, მატარებელში ან მანქანაში, რათა მიაღწიოთ შორეულ ადგილებს ან ეწვიოთ მეგობრებს. ბევრი ადამიანი თვლის, რომ არასასიამოვნო პოზაში დიდხანს ჯდომა ხელს უშლის მათ ვენებში სისხლის მიმოქცევას, რაც იწვევს დაღლილობას, ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას და შეშუპებულ ტერფებს.

 

ზაფხულში ფეხების შეშუპების მიზეზები

ჩვენი ფეხის ვენები აბრუნებს ჟანგბადისგან დაცლილ სისხლს გულში. სიარულისას ჩვენი წვივის კუნთების მოძრაობა ეხმარება ვენებში მყოფ სისხლს გადალახოს გრავიტაცია და იმოძრაოს ქვემოდან ზემოთ. მაგრამ დიდხანს ჯდომა, განსაკუთრებით გადაჯვარედინებული ფეხებით, აფერხებს სისხლის მიმოქცევას. ეს ნიშნავს, რომ დეოქსიგენირებული (ჟანგბადისაგან დაცლილი) სისხლი ვენებში უფრო ნელა მიედინება, სქელდება და თრომბოციტები შეიძლება ერთმანეთს შეეკრას. შესაბამისად ჩვენი ვენები იჭედება, ფეხები თანდათან მძიმდება და შუპდება. ყველაფერი, რაც აფერხებს სისხლის ცირკულაციას, ასევე აუარესებს ამ სიმპტომებს. ამის მაგალითია ზაფხულში არასაკმარისი წყლის მიღება. თვითმფრინავებში ან კონდიცირებულ მატარებლის ვაგონებში ჰაერი ხშირად უფრო მშრალია, ვიდრე ჩვენ გვგონია და ეს ნიშნავს, რომ ლორწოვანი გარსების მეშვეობით უფრო მეტ სითხეს ვკარგავთ. პასუხი ისეთივე მარტივია, როგორც ეფექტური: მიიღეთ მეტი სითხე. თუ შვებულების დროს მოგზაურობისას გწყურდებათ, შესაძლოა ლუდი  ინებოთ, თქვენ ხომ შვებულებაში ხართ! მაგრამ ფრთხილად. ალკოჰოლის დალევა იწვევს ორგანიზმიდან მეტი სითხის გამოყოფას. ასე რომ, შედეგი კონტრპროდუქტიულია და თქვენი სისხლის მიმოქცევა კიდევ უფრო შენელდება. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, თქვენი ფეხები შეიძლება ისე დაგეღალოთ და დაგიმძიმდეთ, რომ შესამჩნევად შეგიშუპდეთ.
 

walk.jpg
ამ მაღალი რისკის ჯგუფებმა უნდა მიიღონ სპეციალური ზომები სისხლის ცირკულაციის სტიმულირებისთვის, რათა თავიდან აიცილონ ფეხების შეშუპება ზაფხულში.

ზოგიერთი ადამიანი სხვებზე მეტად მიდრეკილია ფეხების შეშუპებისკენ ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ. ამ სიაში შედიან:

  • ხანდაზმულები
  • მწეველები
  • ჭარბწონიანი ადამიანები
  • სტრესში მყოფი ადამიანები
  • ქალები, რომლებიც იღებენ ჰორმონალურ დანამატებს

მათ მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ სისხლის ჯანსაღ ცირკულაციას ასაკის მიუხედავად. როგორც წესი, არაჯანსაღი ცხოვრების წესი არაბალანსირებული კვებით და არასაკმარისი ვარჯიშით არის რისკის ფაქტორი. თუ ადამიანს აქვს რამდენიმე რისკის ფაქტორი ერთად, რაც არ არის იშვიათი, მაშინ სიმპტომებიც უფრო ხშირად ვლინდება.

ხანდაზმულებში, ცხოვრების გვიან ეტაპებზე, შეიძლება განვითარდეს სისხლძარღვთა დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით. მათ ვენებს უკვე უჭირთ ორგანიზმში სისხლის გადატანა ნორმალურ პირობებშიც კი; ხანდაზმულებში ხშირია სარქველების უკმარისობა და ვარიკოზული ვენები.
 

ნუ სხედხართ დიდხანს, იმოძრავეთ

დიდი ხნის განმავლობაში ჯდომის შემთხვევაში, ხანმოკლე მოძრაობები ალბათ საუკეთესო საშუალებაა ფეხების დამძიმების თავიდან ასაცილებლად. ასე რომ, დაიმახსოვრეთ, რომ თვითმფრინავით ან მატარებლით გრძელი მგზავრობისას დროდადრო ფეხზე უნდა წამოდგეთ და წინ და უკან იაროთ. მანქანით ან ავტობუსით მგზავრობისას კი არ დარჩეთ თქვენს ადგილზე, როდესაც მანქანა ჩერდება, ადექით, ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი და გაჭიმეთ ფეხები. ეს ააქტიურებს თქვენი სისხლის ცირკულაციას და ასევე ამდიდრებს თქვენს სისხლს ჟანგბადით. ასევე მოგზაურობისას შეგიძლიათ ასწიოთ ფეხები ზემოთ, წვივის კუნთების ასამუშავებლად, შეასრულოთ წრიული მოძრაობები ტერფებით.  შეგიძლიათ ქუსლების იატაკზე დადოთ და ტერფები ზემოთ და ქვემოთ ამოძრაოთ, თითქოს „ამუხრუჭებდეთ“ და „სიჩქარეს უმატებთ“ მართვის დროს. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაიმასაჟოთ წვივის კუნთები ან სწრაფად და რიტმულად შეკუმშოთ და მოადუნოთ ფეხის კუნთები. თუ ფეხების შეშუპება და სიმძიმე იწვევს მწვავე სიმპტომებს და გაქვთ საკმარისი ადგილი, დროდადრო ასწიეთ ფეხები. ამ მარტივი სავარჯიშოებით წვივის კუნთები თავის მხრივ ეხმარება ვენებს სისხლის გადატანაში, შედეგად კი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
 

დიდი ხნის განმავლობაში ჯდომის შემთხვევაში, ხანმოკლე მოძრაობები ალბათ საუკეთესო საშუალებაა ფეხების დამძიმების თავიდან ასაცილებლად.

water.jpg
მიიღეთ ბევრი სითხე იმისათვის, რომ დიდი ხანი ჯდომის შემთხვევაშიც კი, არ შეფერხდეს სისხლის მიმოქცევა

ყოველთვის როდესაც ხანგრძლივ მოგზაურობაში მიდიხართ, გაიყოლეთ რაიმე დასალევი. ჰიდრატაციის შესანარჩუნებლად საუკეთესო სასმელი არის უშაქრო მცენარეული ჩაი და უგაზო წყალი. მიუხედავად იმისა, რომ შვებულებაში ყოფნისას ალკოჰოლი მაცდურია, შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მას შემდგომი გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად. არც გამაგრილებელი სასმელები არის საუკეთესო არჩევანი სითხის ჯანსაღი ბალანსის შესანარჩუნებლად.  ისინი იშვიათად შეიცავენ ვიტამინებს ან მინერალებს, მაგრამ სამაგიეროდ გაჯერებული არიან დიდი რაოდენობით შაქარითა და ზოგჯერ კოფეინით.  ამ უაღრესად კონცენტრირებული დანამატების განზავებას თქვენს ორგანიზმში დიდი რაოდენობით სითხე სჭირდება, რათა შეესაბამებოდეს თქვენს სისხლში მათ კონცენტრაციას. ასევე მართალია, რომ ჩვენ, ცხელ დღეებში, ვკარგავთ უამრავ სითხეს კანის ზედაპირიდან და სუნთქვის დროს, განსაკუთრებით კონდიცირებულ მატარებლის ვაგონებში. ამიტომ გახსოვდეთ სითხის მიღება, მაშინაც კი, თუ არ გწყურდებათ. საკმარისი წყლის მიღება უნარჩუნებს თქვენს სისხლს თხევადობას და მობილობას, რაც დაგიცავთ ფეხების შეშუპებისგან.
 

პომიდორი გლუვი თრომბოციტებისთვის

შემთხვევითი არ არის, რომ ფრენის დროს ტომატის წვენი ბევრისთვის საყვარელი სასმელია. ფრაუნჰოფერის ინსტიტუტმა რამოდენიმე წლის წინ აღმოაჩინა, რომ ჰაერის დაბალი წნევისას მას უფრო კარგი გემო აქვს, ვიდრე დაბალ სიმაღლეზე. ეს ბოსტნეული ასევე შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის ჯანსაღ მიმოქცევას და, შესაბამისად, ხელს უშლიან თრომბოციტების ზედმეტად „შეწებებას“. მაგრამ ჩვენ მოგვიწევს დიდი რაოდენობით ტომატის წვენის ან მაღალი კონცენტრირებული პომიდვრის ექსტრაქტის დალევა, რომ მისგან სასურველი შედეგი მივიღოთ. მიუხედავად ამისა, ჯანსაღი, ვიტამინებით მდიდარი დიეტა კარგია ჯანსაღი სისხლის მიმოქცევისთვის. ამიტომ მიირთვით სალათი ან ახალი, ხრაშუნა ხილი და ბოსტნეული,  სენდვიჩების და ტკბილეულის ნაცვლად.
 

Wörwag Pharma GmbH & Co. KG - www.woerwagpharma.ge-ზე შემოთავაზებული ინფორმაცია პირადი ჯანმრთელობის შესახებ მხოლოდ თქვენს ინფორმირებას ემსახურება და არავითარ შემთხვევაში არ ცვლის ლიცენზირებული ექიმის პირად კონსულტაციას, გამოკვლევას ან დიაგნოზს. www.woerwagpharma.ge-ზე მოწოდებული შინაარსი არ შეიძლება და არ უნდა იქნას გამოყენებული დამოუკიდებელი დიაგნოზების დასასმელად და/ან თვითმკურნალობისთვის.
ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას საინფორმაციო მასალების არამიზნობრივი გამოყენებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენს მიერ გამოყენებული გამოსახულების საავტორო უფლებები.

გააზიარეთ
ჩვენ აქ ვართ, რომ დაგეხმაროთ!
კონტაქტი