მშვიდი ძილის დროს ადამიანს მოულოდნელად ეღვიძება წვივის კუნთების მტკივნეულაი შეკუმშვის გამო. ღამის სიმშვიდე დარღვეულია. ამ ტიპის წვივის ღამის კრუნჩხვები ხშირად მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდება - მაგრამ კრუნჩხვის შემდეგ ტკივილი ხშირად საათობით რჩება. კუნთის ღამის კრუნჩხვები საშუალოდ, ქალებს უფრო ხშირად აწუხებთ, ვიდრე მამაკაცებს. წვივის კუნთების კრუნჩხვების სიხშირე იზრდება ასაკთან ერთად. აქ შეგიძლიათ გაიგოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიზეზების, პირველადი დახმარების ზომების და ძილის დარღვევის ამ მტკივნეული მიზეზის გრძელვადიან პერსპექტივაში თავიდან არიდების შესახებ.
წვივის კუნთის ღამის კრუნჩხვები და მათი თავიდან არიდება
![[Translate to English:] [Translate to English:]](/fileadmin/_processed_/a/8/csm_feet02_c5f200ef51.jpg)
როგორ ვითარდება წვივის კუნთების კრუნჩხვები?
კრუნჩხვა არის კუნთის გარკვეული მონაკვეთების უეცარი, მტკივნეული შეკუმშვა, რომელიც გრძელდება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში და რომლის განზრახ შეჩერება არც ისე ადვილია. როდესაც კრუნჩხვები ვითარდება წვივის მსხვილ კუნთებში, წვივის უკანა ნაწილი შესამჩნევად იკუმშება. რამდენიმე წუთის შემდეგ, კრუნჩხვები დუნდება, მაგრამ ხანგრძლივი ტკივილი ხშირად გრძელდება რამოდენიმე საათი. ასევე ხშირად ზიანდება ფეხის თითების მომხრელი კუნთი, რომელიც მიმაგრებულია წვივის უკანა მხარეს. თუ კრუნჩხვა გარკვეულ ადგილას ერთხელ მაიც მოხდა, კუნთის ამ მონაკვეთში შესაძლოა განვითარდესს კრუნჩხვისადმი მიდრეკილება. შედეგად, კუნთის ერთი და იგივე ადგილი არაერთხელ იკუმშება . კრუნჩხვის გარეშე პერიოდებშიც კი, კუნთის ეს მონაკვეთი გასინჯვით მაგარი რჩება და სრულად აღარასოდეს არ დუნდება.
წვივის კუნთების კრუნჩხვას მრავალი ფაქტორი იწვევს
წვივის კუნთების კრუნჩხვების მიზეზები შესაძოა მრავალფეროვანი და წინააღმდეგობრივიც კი იყოს:
- კუნთების გადაჭარბებული დატვირთვა
- კუნთების უმოქმედობა
- სხეულის არასწორი აღნაგობა
- მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება
წვივის კუნთების კრუნჩხვები მაგნიუმის დეფიციტის ადრეული მაჩვენებელია
სხეულის ელექტროლიტური ბალანსის ცვლილებები და მაგნიუმის დეფიციტი წვივის კუნთების კრუნჩხვების ხშირად დიაგნოსტირებული მიზეზია. როგორც კალციუმის კონტრაგენტი, მაგნიუმი გამოიყენება კუნთების მოსადუნებლად შეკუმშვის შემდეგ. ამ მინერალის დეფიციტის შემთხვევაში ჭარბობს კალციუმი, რომელიც პასუხისმგებელია კუნთების შეკუმშვაზე; ის ასტიმულირებს ნერვულ უჯრედებს და იწვევს კუნთების მონაკვეთების უნებლიე შეკუმშვას. წარმოიქმნება კრუნჩხვა. წვივის კუნთების კრუნჩხვები შეიძლება იყოს მაგნიუმის დეფიციტის ადვილად მაიდენტიფიცირებადი სიმპტომი. დეფიციტი თავის მხრივ შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით. მაგნიუმის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს სხვა კრუნჩხვებიც, მაგალითად, შეიძლება გააუარესოს ქალებში მენსტრუალური კრუნჩხვები ან გამოვლინდეს ქუთუთოს კრუნჩხვის სახით. თუმცა, ეს სიმპტომები ხშირად არ უკავშირდება მაგნიუმის დეფიციტის შესაძლო მიზეზს.
მაგნიუმის დეფიციტის მიზეზები
პრინციპში, არსებობს სამი მიზეზი, რაც იწვევს მაგნიუმის დეფიციტს და ეს მიზეზები, რა თქმა უნდა, შეიძლება ერთადაც გამოვლინდეს:
- დროებით გაზრდილი საჭიროება
- გაზრდილი გამოყოფა
- მაგნიუმის შეწოვის დაქვეითება
პირველ კატეგორიაში შედის ორსულობის დროს მაგნიუმის ნაკლებობა ან მაგნიუმის დეფიციტი. ორსულობის დროს საჭირო მაგნიუმის რაოდენობა მკვეთრად იზრდება ჩვეულთან შედარებით და ორსული ქალები ხშირად უჩივიან წვივის კუნთების კრუნჩხვებს მესამე ტრიმესტრში. მიზეზები, რის გამოც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის დროს მაგნიუმის ბალანსზე ყურადღების მიქცევა, აქ არის ახსნილი.
სპორტსმენებს ასევე აქვთ გაზრდილი მოთხოვნილება, რადგან, ერთის მხრივ, მათი კუნთები ვარჯიშის დროს მოიხმარენ უამრავ მაგნიუმს, მაგრამ, ამავდროულად, ასევე ორგანიზმიდან გამოყოფენ მაგნიუმის და სხვა მინერალების გაზრდილ რაოდენობას ოფლიანობის დროს. ისეთი დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი და გარკვეული მედიკამენტების გვერდითი ეფექტები, შეიძლება იყოს პასუხისმგებელი მაგნიუმის არასაკმარის ათვისებაზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მაგნიუმის დეფიციტი, რადგან ისინი აჩქარებენ მინერალების გამოყოფას. და ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დაუბალანსებელი დიეტა და სითხის არასაკმარისი მიღება ხელს უწყობს მაგნიუმის დეფიციტს. ხანდაზმულებში სითხის, მინერალებისა და უპირველეს ყოვლისა, ელექტროლიტების ნაკლებობა, ხშირად წვივის კუნთების კრუნჩხვების მიზეზი ხდება.
რატომ ხდება წვივის კუნთების კრუნჩხვები ღამით?
ამ კითხვაზე საბოლოო პასუხი არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ მოზრდილთა 50 პროცენტზე მეტი აღნიშნავს წვივის კუნთების ღამის კრუნჩხვებს. ერთი ახსნაა ორგანიზმში მაგნიუმის დონის ბუნებრივი შემცირება დასვენების ფაზაში. თუ ის ძალიან დაბლა ეცემა, ძილის დროს უნებლიე მოძრაობამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების შეკუმშვა, რომელიც შემდეგ ვეღარ დუნდება შეცვლილი ელექტროლიტური ბალანსის გამო. გარდა ამისა, ღამის განმავლობაში კუნთების გარკვეული მონაკვეთების შეუმჩნეველმა გაციებამ, მაგალითად, როდესაც ფეხი მთლიანად არ არის დაფარული - შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვა. სიფხიზლის მდგომარეობაში, კრუნჩხვის საშიშროებისას ფეხი სპონტანურად შეასრულებს სწორ მოძრაობას და წვივს კუნთი მოდუნდება. თუ კრუნჩხვა ძილის დროს ვითარდება, ამას ვერ ვამჩნევთ, სანამ კუნთი არ დაიძაბება და ტკივილი არ გავაღვიძებს.
სარელაქსაციო ვარჯიშებს - ფეხების დაჭიმვა და შემდეგ ფრთხილად სიარული, შეუძლია გაანეიტრალოს კრუნჩხვის შედეგი.

წვივის კუნთების მწვავე კრუნჩხვები - რა შეიძლება გავაკეთოთ?
წვივის კუნთების ღამის კრუნჩხვის დროს, ადამიანების უმეტესობა ხშირად ინსტინქტურად მიმართავს პირველადი დახმარების ღონისძიების სახით სწორ საშუალებებს: ჭიმავენ წვივის კუნთებს, მათ შორის, ხელების დახმარებით, ქუსლს წინ შლიან და ფეხის თითებს უკან წევენ. ხშირ შემთხვევაში, ეს იწვევს კრუნჩხვის სწრაფად გაქრობას. ალტერნატივის სახით, შეგიძლიათ სცადოთ ხელის გამოყენებით მტკივნეულ კუნთზე ნაზად დაჭერა. ამისათვის გამოიყენეთ ხელისგულები, რათა რბილად დააწვეთ ფეხის წვივს ერთდროულად მუხლის და ქუსლის მხრიდან. სარელაქსაციო ვარჯიშებს - ფეხების დაჭიმვას (დაფერთხვას) და შემდეგ ფრთხილად სიარულს, შეუძლია გაანეიტრალოს კრუნჩხვის შედეგი.
მდგრადი დახმარება წვივის კუნთების კრუნჩხვის დროს
თუ თქვენ განმეორებითად გაწუხებთ წვივის კუნთების ღამის კრუნჩხვები, მნიშვნელოვანია, კრუნჩხვების მიზეზის დასადგენად ჩაიტაროთ სამედიცინო გამოკვლევა,რათა მიიღოთ კონკრეტული კონტრზომები. თუმცა, შემდეგი სამი ღონისძიება ნებისმიერ შემთხვევაში გამოსადეგია:
- დალევა
- მოოძრაობა
- ყურადღების მიქცევა მინერალების ბალანსისათვის
დარწმუნდით, რომ იღებთ საკმარისი რაოდენობის სითხეს და უპირველეს ყოვლისა, დალიეთ მინერალური წყალი ტკბილი სასმელების ნაცვლად. თუ შესაძლებელია, მოერიდეთ დეჰიდრატაციულ ნივთიერებებს, როგორიცაა ალკოჰოლი. თუ რეგულარულად არ ვარჯიშობთ, შეასრულეთ რამდენიმე ვარჯიში ყოველდღე, რომელიც საფუძვლიანად გაამოძრავებს ფეხის კუნთებს. გამოდგება გაჭიმვისა და მოძრაობის რამდენიმე მარტივი ვარჯიში და ფიზიოთერაპევტი ან იოგას მწვრთნელი გასწავლით როგორ გააკეთოთ ისინი. რამდენიმეწუთიანი ვარჯიში ველოსიპედზე ან სარბენ ბილიკზე ასევე ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას ძილის წინ. რა თქმა უნდა, აქ ყურადღება უნდა გამახვილდეს მსუბუქ მოძრაობაზე და არა დაძაბულ ვარჯიშზე.
გადახედეთ თქვენს კვებით ჩვევებს და დარწმუნდით, რომ თქვენს რაციონში შედის ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალების, განსაკუთრებით კი მაგნიუმის ადეკვატური რაოდენობა. თუ მაგნიუმის დეფიციტს ეჭვობთ, მაგნიუმის დაბალი დოზების ხანგრძლივმა მიღებამ შესაძლოა შეამციროს წვივის კუნთების კრუნჩხვების წარმოქმნა. ეს დადასტურებულია პლაცებოს კონტროლირებადი კვლევებით.
Wörwag Pharma GmbH & Co. KG - www.woerwagpharma.ge-ზე შემოთავაზებული ინფორმაცია პირადი ჯანმრთელობის შესახებ მხოლოდ თქვენს ინფორმირებას ემსახურება და არავითარ შემთხვევაში არ ცვლის ლიცენზირებული ექიმის პირად კონსულტაციას, გამოკვლევას ან დიაგნოზს. www.woerwagpharma.ge-ზე მოწოდებული შინაარსი არ შეიძლება და არ უნდა იქნას გამოყენებული დამოუკიდებელი დიაგნოზების დასასმელად და/ან თვითმკურნალობისთვის.
ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას საინფორმაციო მასალების არამიზნობრივი გამოყენებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენს მიერ გამოყენებული გამოსახულების საავტორო უფლებები.