დიაბეტის თანმხლები დაავადებები

ვიტამინი B12 - მნიშვნელოვანი დაცვა ძლიერი ნერვებისთვის

წაკითხვის დრო 0 წუთი
გააზიარეთ
[Translate to English:]

ვიტამინი B12 არის B ჯგუფის რვა ვიტამინიდან ერთ-ერთი და ერთადერთი, რომლის სპეციფიკურად შენახვაც შეუძლია ორგანიზმს. ჩვენს ღვიძლს შეუძლია ამ ვიტამინის დიდ რაოდენობით შენახვა თვეების ან წლების განმავლობაშიც კი, რათა საჭიროების შემთხვევაში კვლავ გამოთავისუფლოს სისხლში.

 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხვა B ვიტამინების მარაგი უფრო ადრე იწურება. B12 ვიტამინისაგან განსხვავებით, სხვა B ჯგუფის ვიტამინები ჩვენს ორგანიზმში უფრო მოკლე დროით ყოვნდებიან, სანამ მოხდება მათი გამოყენება ან გამოყოფა. შესაბამისად, ვიტამინ B12-ის  მიწოდების ან საჭმლის მომნელებელ ტრაქტში შეწოვის დარღვევა მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ შეიმჩნევა. ვიტამინი B12, ასევე ცნობილი როგორც კობალამინი, სხვადასხვა მეტაბოლურ ფუნქციას ასრულებს. ის ხელს უწყობს ჰომოცისტეინის დაბალი დონის შენარჩუნებას, რითაც იცავს გულსა და სისხლძარღვებს. ის მონაწილეობს უჯრედების გაყოფასა და სისხლის წარმოქმნაში და გადამწყვეტი როლი უკავია ნერვების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
 

ვიტამინი B12 მონაწილეობს მნიშვნელოვანი შუამავალი ნივთიერებების სინთეზში, როგორიცაა ნეიროტრანსმიტერები და ჰორმონები, რომლებიც აკონტროლებენ ჩვენი ტვინის ფუნქციონირებას და შესაბამისად, ჩვენს აღქმას, განწყობას და გონებრივ მდგომარეობას
 

ვიტამინი B12-ის წვლილი ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში

უჯრედების ფორმირებასა და ლიპიდების მეტაბოლიზმში მისი ფუნქციის წყალობით, ვიტამინი B12 სასიცოცხლო როლს ასრულებს ნერვული სისტემისათვის. ის ჩართულია ნერვული ბოჭკოების გარსების (ასევე ცნობილი როგორც მიელინის გარსები) რეგენერაციასა და ფორმირებაში. მიელინის გარსი იცავს ნერვებს იმპულსის, ანუ გადასაცემი ინფორმაციის, დაკარგვისგან და უზრუნველყოფს მათ სწორ და ეფექტურ ტრანსპრტირებას.


შეხების შეგრძნებასა და მოტორულ ფუნქციაზე პასუხისმგებელი ნერვების ეს „იზოლაცია“, აუცილებელია ჩვენი ცენტრალური ნერვული სისტემისთვის, ანუ თავის ტვინისა და ზურგის ტვინისათვის. ამასთან, ვიტამინი B12 მონაწილეობს მნიშვნელოვანი შუამავალი ნივთიერებების, როგორიცაა ნეიროტრანსმიტერები და ჰორმონები, სინთეზში, რომლებიც აკონტროლებენ ჩვენი ტვინის ფუნქციას და შესაბამისად, ჩვენს აღქმას, განწყობას და გონებრივ მდგომარეობას.

beach.jpg
ვინ არის ვიტამინ B12-ის დეფიციტის რისკის ქვეშ? ვიტამინ B12-ის დეფიციტის გამომწვევი მიზეზები
  • ჩვილები და ბავშვები
  • ხანდაზმულები
  • ორსულები და მეძუძურები
  • მწეველები
  • ვეგანები
  • ქრონიკული დაავადებებისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების მქონე ადამიანები
     

ჩვილებსა და ბავშვებს ზრდის პროცესში დიდი რაოდენობით ვიტამინი B12 სჭირდებათ, რისი მიწოდებასაც ყურადღებიანმა მშობელმა უნდა უზრუნველყოს. განსაკუთრებით ხშირია ვიტამინ B12-ის დეფიციტი ხანდაზმულებსა და ვეგანებში. ვეგანები რისკის ქვეშ არიან, რადგან ცხოველური წარმოშობის საკვების გამორიცხვის გამო, ვერ იღებენ საკმარისი რაოდენობის ვიტამინ B12-ს. ხანდაზმულ პირებს ხშირად აქვთ B ვიტამინების შეწოვის დარღვევა, თუმცა ზოგჯერ დეფიციტი გამოწვეულია არასრულფასოვანი კვების გამო. ქრონიკული დაავადებების, როგორიცაა დიაბეტი, თირკმლის უკმარისობა ან დემენცია, მქონე პირებს ხშირად აქვთ B12-ის შეწოვის დარღვევა - ხშირად აქტიური ინგრედიენტების და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღებული მედიკამენტების გვერდითი ეფექტების გამო - და არიან დეფიციტის რისკის ქვეშ. პირებს, რომლებსაც აქვთ კუჭის ლორწოვანის ანთება ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა დაავადებები, არ შეუძლიათ დამოუკიდებლად სინთეზირება მნიშვნელოვანი ნივთიერებებისა, რომლებიც საჭიროა ვიტამინის შესაწოვად, ასე რომ მიწოდებული ვიტამინ B12-ის ნაწილი კვლავ გამოიყოფა გამოუყენებლად.


ასაკის მატებასთან ერთად, ამ ფაქტორებიდან რამდენიმე გროვდება, რაც ზრდის ვიტამინ B12-ის დეფიციტის რისკს. მაშინ, როდესაც ევროპის ახალგაზრდა მოსახლეობის მხოლოდ დაახლოებით 2-5 პროცენტს აქვს ვიტამინ B12-ის დეფიციტი, ის 65 წელს გადაცილებული პირების 10-30 პროცენტშია დიაგნოსტირებული, ხოლო  მოხუცებულთა თავშესაფარში მაცხოვრებელთა წილი დაახლოებით 40 პროცენტამდეც კი იზრდება.


მიზეზის მიუხედავად - თუ ვიტამინ B12-ის დეფიციტი ძალიან გვიან იქნება გამოვლენილი, აღმოცენდება გამოუსწორებელი ნერვული დაზიანება.

worries.jpg
რა არის ვიტამინ B12-ის დეფიციტის ნევროლოგიური სიმპტომები?

ვიტამინ B12-ის დეფიციტის საწყისი სიმპტომები ძირითადად არასპეციფიკური ენერგიის ნაკლებობა და დაბალი შრომისუნარიანობაა, ასევე სისუსტე ქვედა კიდურებში. ცუდად ფუნქციონირებადი ნერვები ზურგის ტვინში ხშირად იწვევენ ჯერ ცრუ შეგრძნებებს ქვედა კიდურებში, როგორიცაა წვა, დაბუჟება და მოჭერის შეგრძნებას წვივებში. იმის გამო, რომ ტვინი, ნეიროტრანსმიტერები და ჰორმონები ასევე განიცდიან დამაზიანებელ ზემოქმედებას, ვიტამინ B12-ის დეფიციტმა დამატებით შეიძლება გამოიწვიოს კონცენტრაციის პრობლემები, მეხსიერების გაუარესება და დეპრესია.
 

გამოუვლენელ ვიტამინ B12-ის დეფიციტს შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს

თუ ვიტამინ B12-ის დეფიციტი დიდი ხნის განმავლობაში გამოუვლენელი დარჩება, შედეგად შეიძლება განვითარდეს სერიოზული ნევროლოგიური და ფსიქონევროლოგიური მდგომარეობები, რომლებიც შეიძლება დემენციამდე და შიზოფრენიამდეც კი პროგრესირდეს. ასევე, ვიტამინ B12-ის დეფიციტით შეიძლება გამოწვეული იყოს ძლიერი ფიზიკური შეზღუდვები, რომლებმაც შეიძლება პარაპლეგიამდეც კი მიგვიყვანოს. ამის მიზეზია ფუნიკულური მიელოზი, რომლის დროსაც ზიანდება ზურგის ტვინი ნერვული გარსების უკმარისობის გამო. თუ დეფიციტის გამოვლენა ადრეულ სტადიაზე მოხდება, შესაძლებელია ზოგიერთი დაზიანების შექცევა. თუმცა, თუ გვაქს ვიტამინ B12-ის დეფიციტის შორსწასული შედეგები, ნერვული დაზიანება შეუქცევადია. აქედან გამომდინარე, ვიტამინ B12-ის ნაკლებობას სერიოზულად უნდა მივუდგეთ და თავიდან უნდა ავიცილოთ.
 

როგორ შეიძლება დადგინდეს ვიტამინ B12-ის დეფიციტი

საკვებიდან შეწოვის შემდეგ, ვიტამინი B12 სისხლში გადის სხვადასხვა ეტაპებს: საკვებთან ერთად ის ჯერ ხვდება კუჭში - სადაც წარმოიქმნება ე.წ. შინაგანი ფაქტორი, რომელსაც უკავშირდება ვიტამინი B12. ამ კომპლექსის შეწოვა შესაძლებელია  წვრილ ნაწლავში და ვიტამინი B12 აღწევს სისხლში. ვიტამინის დიდი ნაწილი ასევე შეიძლება დიფუზირდეს ნაწლავის კედლების გავლით შინაგანი ფაქტორის გარეშე. ორგანიზმში მოხვედრისას, ის არსებობს როგორც აქტიურ ფორმაში (რომლის გამოყენებაც შეუძლია ორგანიზმს), ასევე არააქტიურ ფორმაშიც. სისხლში არსებული ვიტამინ B12-ის მხოლოდ დაახლოებით 20 პროცენტია აქტიური და ცნობილია როგორც ჰოლოტრანსკობალამინი (შემოკლებით HoloTC). ვინაიდან სისხლის ანალიზი ასევე ავლენს არააქტიურ ვიტამინ B12-ს სისხლში, მან შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს ვიტამინ B12-ის დეფიციტის ტესტი და შენიღბოს დეფიციტი. თუ პირი მიეკუთვნება რისკ-ჯგუფს ან არსებობს ეჭვი ვიტამინ B12 დეფიციტის სხვადასხვა სიმპტომების გამოჩენის გამო, უნდა ჩატარდეს სპეციფიკური ორეტაპიანი სისხლის ანალიზი. მასში განისაზღვრება ჰოლოტრანსკობალამინის შემცველობა და მეორე ეტაპზე განისაზღვრება ვიტამინ B12-ის ნაკლებობის შედეგად წარმოქმნილი მეტაბოლური პროდუქტების კონცენტრაცია, როგორიცაა მეთილმალონის მჟავები და ჰომოცისტეინი. თუ ორივე ტესტს არასასურველი შედეგი აქვს, შეიძლება ვივარაუდოთ ვიტამინ B12-ის დეფიციტი, რომელსაც რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვუმკურნალოდ.
 

რისკის ქვეშ მყოფმა პირებმა უნდა აიცილონ თავიდან ვიტამინ B12-ის ნაკლებობა

მიუხედავად იმისა, რომ ვიტამინი B12 გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ორგანიზმისათვის, მისი მხოლოდ მცირე რაოდენობაა საჭირო. 
ჯანმრთელი მოზრდილებისთვის რეკომენდებული დღიური დოზა არის 3 მკგ., ბავშვებს შედარებით ნაკლები ვიტამინი B12 სჭირდებათ, ხოლო ორსულ და მეძუძურ ქალებს მეტი, კერძოდ 3.5-დან 4 მკგ-მდე დღეში.
 

ვიტამინი B12 სინთეზირდება მიკროორგანიზმების მიერ და ძირითადად მხოლოდ ცხოველური წარმოშობის საკვებში გვხვდება.
 

ვეგანებს და სხვა პირებს, რომლებიც არაბალანსირებული დიეტის გამო დეფიციტის რისკის ქვეშ იმყოფებიან, შეუძლიათ თავიდან აიცილონ მისი ნაკლებობა ვიტამინ B12-ზე ორიენტირებული დიეტით ან სპეციფიკური ვიტამინ B12-ის დანამატებით. ვიტამინი B12 სინთეზირდება მიკროორგანიზმების მიერ და ძირითადად მხოლოდ ცხოველური წარმოშობის საკვებში გვხვდება - უპირველეს ყოვლისა ღვიძლში, სადაც ის მარაგდება. თუმცა, ხორცი, თევზი, კვერცხი, რძე და რძის პროდუქტები შეიცავს ვიტამინის მნიშვნელოვან რაოდენობას. ამიტომ ვეგანებს ურჩევენ, რომ აანაზღაურონ პოტენციურად არსებული დეფიციტი დანამატების მიღებით (რომლებიც, სხვათა შორის, ზოგადად ვეგანურია). როდესაც ვიტამინ B12-ის დეფიციტი გამოვლინდება, შესაბამისი მედიკამენტები უნდა მიიღოთ თქვენი ექიმის მიერ დანიშნული თერაპიის ფარგლებში.
 

მაშინაც კი, როდესაც შეწოვის უნარი დარღვეულია, შესაძლებელია ვიტამინ B12-ის დეფიციტის წინააღმდეგ ბრძოლა

თუ ვიტამინ B12-ის შეწოვის უნარი დარღვეულია, პირველ რიგში უნდა მოიძებნოს გამომწვევი მიზეზი. მიზეზები შეიძლება იყოს კუჭში შინაგანი ფაქტორის ცუდი წარმოქმნა ან მედიკამენტებით გამოწვეული შეწოვის დათრგუნვა, როგორც ეს არის, მაგალითად, მეტფორმინის შემთხვევაში, რომელსაც იყენებს ბევრი ადამიანი ტიპი 2 დიაბეტით. როდესაც მედიკამენტები ხანგრძლივად გამოიყენება, ზოგადად ვიტამინის შეწოვის პროცესი რთულდება, მაგრამ ვიტამინ B12-ის მიწოდების გაზრდამ შეიძლება ეს დააკომპენსიროს.
 

Wörwag Pharma GmbH & Co. KG - www.woerwagpharma.ge შემოთავაზებული ინფორმაცია პირადი ჯანმრთელობის შესახებ მხოლოდ თქვენს ინფორმირებას ემსახურება და არავითარ შემთხვევაში არ ცვლის ლიცენზირებული ექიმის პირად კონსულტაციას, გამოკვლევას ან დიაგნოზს.www.woerwagpharma.ge მოწოდებული მასალა არ შეიძლება და არ უნდა იქნას გამოყენებული დამოუკიდებელი დიაგნოზების დასასმელად და/ან თვითმკურნალობისთვის.
ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას საინფორმაციო მასალების არამიზნობრივი გამოყენებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენს მიერ გამოყენებული გამოსახულების საავტორო უფლებები.

 

გააზიარეთ
ჩვენ აქ ვართ, რომ დაგეხმაროთ!
კონტაქტი